უფლებადამცველები ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ადეიშვილის ამოღების გამო, საქართველოს პროკურატურისგან პასუხს ითხოვენ
უფლებადამცველები ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღების გამო, საქართველოს პროკურატურისგან პასუხს ითხოვენ. როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელმა ლაშა შუკაკიძემ და „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრმა, ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განმარტეს, ზურაბ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც ისინი პროკურატურას მასსა და ინტერპოლს შორის არსებული მიმოწერის გასაჯაროებას სთხოვენ.
„არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოეღოთ. ამასთან დაკავშირებით ერთი კვირის წინ განცხადებით მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ გაესაჯაროებინათ მათ ის მიმოწერა, რომელიც საქართველოს პროკურატურასა და ინტერპოლს შორის შედგა. ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ საქართველოს პროკურატურისა და ინტერპოლის ბიუროს რეკომენდაციით ამოიღეს აღნიშნული პიროვნება ძებნილთა სიიდან“, – აღნიშნა მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელმა ლაშა შუკაკიძემ.
ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ადეიშვილის სიიდან ამოღების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ქართული მხარის მხრიდან პროცესუალური დარღვევები დაასახელა, თუმცა აქვე არ გამორიცხა, რომ პროკურატურა დაინტერესებულ პირებთან გარკვეულ გარიგებაში იყოს შესული.
„როდესაც პირი ძებნილია, ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად შესაძლებელია პირი იქნეს ამოღებული ძებნილითა სიიდან იმ შემთხვევაში, თუ არის პოლიტიკური დევნა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ამ შემთხვევაში ის ამოღებული იქნა არა პოლიტიკური დევნის, არამედ სხვა მიზეზების გამო. შესაძლოა, საქმე არაპროფესიონალიზმთან გვქონდეს და ინტერპოლს საქმე მიწოდებული პროცესუალური დარღვევებით ჰქონდეს, ან არ იყოს სრული ინფორმაცია გადაცემული. ვეჭვობთ იმასაც, რომ შეიძლება საქართველოს პროკურატურა გარიგებაში იყოს შესული და იქ ადეიშვილის ჩანერგილ პროკურორებს მოეხდინათ არასწორი მოქმედება, რომლითაც სახელმწიფოს ინტერესები დაზარალდა. მოვითხოვთ პროკურატურისგან მასსა და ინტერპოლს შორის მიმოწერა გაასაჯაროვოს“, – აღნიშნა ლექსო კობაიძემ.