ელგუჯა ხოკრიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
ელგუჯა ხოკრიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„მოგახსენებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ჩემი საქართველოში მუშაობის პერიოდში მთავრობის გუნდთან ერთად შევძელით სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა.
რეფორმების კუთხით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულია. სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება, პროცესი კი უკვე შეუქცევადია.
ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც, ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას, განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა.
მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი ყოფნისას მოხდა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს გააგრძელოს სწორი პოლიტიკა, სიახლეების ინტეგრაცია და გაუმკლავდეს გამოწვევებს, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მუდმივი თანმხლები პროცესია“, – აღნიშნულია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში.
ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობს. იქამდე, ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.