ივანიშვილმა მარგველაშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეზიდენციის თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა. როგორც მან გადაცემა “20 30-ში” საუბრისას განაცხადა, ის პრეზიდენტს უახლოეს პერიოდში ვრცელ პასუხს გასცემს.
„მას მე დღეს არ ვუპასუხებ, ამის დროს არ არის, მაგრამ მექნება ამის საშუალება, კოჟორიძეს აღარ გავცემ პასუხს. ვითომ, ჩემი დაპირისპირება არის საფუძველი, რომ 6 მილიონით ზედმეტი ხარჯი უნდა ხარჯოს პრეზიდენტმა. ეს არის აბსურდული განცხადება“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იგი პრეზიდენტს უახლოეს პერიოდში უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლის საკითხზე შექმნილი აჟიოტაჟი საბინაო, კომუნალურ საკითხებს არ უკავშირდება და აღნიშნული მისი და ბიძინა ივანიშვილის პიროვნული დაპირისპირების თემაა.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, ის არ აპირებს ვინმეს მითითებების შესრულებას, რითიც როგორ რიგითი მოქალაქე საკუთარ ღირსებას, ხოლო როგორც პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტს იცავს.

“ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა არც კვადტრატულ მეტრებს უკავშირდება და არც საბინაო კომუნალურ საკითხებს. ეს პოლიტიკური თემაა, რომლის შინაარსიც შემდეგია, რომ, სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. არც საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და მეორე შენობაში გადავა. ეს საკითხი ნებისმიერ მოქალაქეს უკავშირდება. მე, როგორც მოქალაქემ, არ მგონია, რომ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო ასე მითითებისამებრ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, რომ ეს არ გავაკეთო და დავიცვა როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე, პრინციპში, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საკითხში, რომელზეც ინტერესი ფაქტობრივად არავის გააჩნია და, სამწუხაროდ, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა, მე, გიორგი მარგველაშვილი, როგორც რიგითი მოქალაქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, ხოლო როგორც პრეზიდენტი ვასრულებ ვალდებულებას და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები