“თქვენი ტკივილი, რომელიც საქართველოს მთლიანობას უკავშირდება, ჩვენთვის ძალიან ახლოსაა”

ძალიან სამწუხაროა, რომ მართლმადიდებელ ერებს შორის ისტორიის ისეთი ფურცლები არსებობს, რომელიც ქვეყნების დაპირისპირებას ეხება, – ამის შესახებ ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან შეხვდრისას განაცხადა. როგორ ლუკაშენკომ აღნიშნა, ის საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველმა ხალხმა ეს დღეები დაივიწყოს.
“ჩვენი ხალხები ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და თქვენი ტკივილი, რომელიც საქართველოს მთლიანობას უკავშირდება, ჩვენთვის ძალიან ახლოსაა. მე აღარ ჩავუღრმავდები ამ საკითხის ისტორიას. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, ისევე როგორც ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველმა ხალხმა ეს დღეები მალე დაივიწყოს და რაც შეიძლება სწრაფად გადაშალოს არც თუ ისე შორეული წარსულის ისტორიის ფურცელი. ძალიან სამწუხაროა, რომ მართლმადიდებელ ერებს შორის ასეთი ფურცლები არსებობს, მაგრამ ჩვენ ჭკვიანი ადამიანები ვართ, ყველაფერი კარგად გვესმის, უნდა ვიყუროთ მომავლისკენ და თქვენს ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს მოვლენები გადავლახოთ. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ჩვენ ამას გავაკეთებთ და შემიძლია ამაში დაგარწმუნოთ. მინდა ბელორუსი ხალხისა და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელის ყველაზე თბილი სურვილები გადმოგცეთ და გახსოვდეთ, რომ იქ, ევროპის ცენტრში, ცხოვრობენ თქვენთვის ახლობელი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, თქვენი პირველი დაძახებისთანავე დასახმარებლად მოვიდნენ. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და არავის შესწევს ძალა ეს ერთიანობა დაარღვიოს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოზიცია, რომელსაც მისი სახელმწიფო საქართველოს მოსახლეობისა და მისი რწმენის გლობალურ პრობლემებთან მიმართებაში იკავებდა უსარგებლო არ ყოფილა.
“მადლობა იმისთვის, რომ თქვენ არა პრეზიდენტ ლუკაშენკოს, არამედ ბელორუსი ხალხის წარმომადგენელს ელოდით. თქვენ სწორად ელოდით, ყველაზე კეთილი, შეიძლება ითქვას წმინდა, მშვიდობის მოყვარული ერის წარმომადგენელს. ერის, რომელიც ყველაზე მაღალ კეთილგანწყობებს განიცდის მოძმე ქართველების მიმართ. აქ ცხოვრობს ჩვენი მოძმე ერი და ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ საქართველოს მოსახლეობისა და მისი რწმენის გლობალურ პრობლემებთან მიმართებაში ვიკავებდით უსარგებლო არ აღმოჩენილა. ჩვენ ამას არ ვნანობთ, თუმცა თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არც თუ ისე ადვილად მოვახერხეთ”, – განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ჯანმრთელობა და სულიერი სიძლიერე უსურვა. ბელორუსის პრეზიდენტი საპატრიარქოში 10 წლის შვილთან ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ  პატრიარქმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. ბელორუსის პრეზიდენტმა და ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციამ ილია მეორესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარიც მოილოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები