ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი ზურაბ ახალკაციშვილი თანამდებობას ტოვებს. ახალკაციშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ ამის მიზეზი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაა, რომლის მიხედვით, მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევას ჰქონდა ადგილი. ახალკაციშვილი აღნიშნავს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა თანამდებობას ტოვებს, რათა სააგენტოს ჩრდილი არ მიადგეს.
“მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, აგრეთვე სააგენტოში IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირად მოიაზრება მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ნაწილში, ხოლო ამ კანონის სხვა ყველა დანარჩენი ნორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე არ ვრცელდება, შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში, ამავე სააგენტოს დირექტორის მონაწილეობა არ არის კანონთან შეუსაბამო.
რაც შეეხება ე.წ. IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგის საკითხს, აღნიშნული ხორციელდებოდა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და ეს პირიქით, აუცილებელია შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას, გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის გამო საზოგადოების წინაშე ვიღებ მორალურ პასუხისმგებლობას და იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს მომსახურების სააგენტოს, ზოგადად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეპუტაციას, ჩემს კოლეგებს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა”, – აღნიშნულია ზურაბ ახალკაციშვილის განცხადებაში.