ლუკაშენკო – მარგველაშვილს: მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენი, რადგან ყოველთვის მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ
ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი ურთიერთობების ფუნდამენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოლიტიკაში ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს – ასე მიმართა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგას პირისპირ შეხვედრის დაწყებისას.
“ამ სამი დღის განმავლობაში, ალბათ, შეიძლება დარწმუნება, რომ ეს ლეგენდარული ქვეყანაა, ამიტომ მოხარული ვარ ჩვენი შეხვედრისა და თქვენი სტუმართმოყვარეობის გამო. მე ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი ურთიერთობების ფუნდამენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოლიტიკაში ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს. მე მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენი, რადგან ყველგან დასავლეთში მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა თავის მხრივ დასძინა, რომ არის კარგი წარსული, რომელზეც უფრო უკეთესი მომავლის დაშენება შეიძლება.
“თქვენი პირადი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, ქართველებისადმი, შესანიშნავი ფუნდამენტია ურთიერთობების განვითარებისთვის. ვფიქრობ, ბევრ ასპექტში ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის. ასე, რომ ჩვენ ვიწყებთ საინტერესო გზას მომავალი თანამშრომლობისკენ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელორუსიის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია.