გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი ბელორუს კოლეგას ხვდება. გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს. სახელმწიფო ვიზიტის ოფიციალური პროგრამის მიხედვით, პირისპირი შეხვედრის შემდეგ მხარეები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ, უკვე მისი დასრულების შემდეგ, 12:00 საათზე კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ბელორუსის პრეზიდენტისა და დელეგაციის დასახვედრად ავლაბრის რეზიდენციაში ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები. შესრულდა საქართველოს და ბელორუსიის სახელმწიფო ჰიმნები. ავლაბრის რეზიდენციიდან ალექსანდრე ლუკაშენკო გმირთა მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ამის შემდეგ კი, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. საღამოს პრეზიდენტის პატივსაცემად გიორგი მარგველაშვილის სახელით სადილი გაიმართება, რითაც საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პირველი დღე დასრულდება. უკვე ხვალ დელეგაცია აჭარაში გაემგზავრება. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზტით გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან. ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელორუსიის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია.