„უპრიანი იქნება, თუ პროკურატურა პარლამენტის კონტროლის ქვეშ გადავა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პროკურატურის რეფორმის შესახებ ისაუბრა. როგორც დეპუტატმა განმარტა, რეფორმის ფარგლებში რამდენიმე ვერსია განიხილება იმის შესახებ, თუ ვის კონტროლქვეშ უნდა იყოს მთავარი პროკურატურა. ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ მასზე კონტროლს პარლამენტი უნდა ახორციელებდეს. „პროკურატურის რეფორმის ფარგლებში არის რამდენიმე ვერსია, პირველი, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში დარჩეს, მეორე ვერსიით, ის სასამართლოს ხელისუფლების გამგებლობაში უნდა გადავიდეს. არის მესამე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ე.წ. შერეულმა მოდელმა უნდა იმუშაოს საპარლამენტო კონტროლის ქვეშ. რომელ ვარიანტს მიენიჭება უპირატესობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ მათ შორის რა კონსტიტუციურ მოდელს ავირჩევთ. თუ ჩვენ წავალთ საპარლამენტო სისტემის გამტკიცებისკენ, მაშინ პროკურატურის პარლამენტის კონტროლის ქვეშ გადასვლა უფრო უპრიანი იქნება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მმართველობის სისტემაში მნიშვნელოვანი, მაკონტროლებელი და სისხლის სამართლის დევნის ორგანოები, როგორიც არის, ეროვნული ბანკი, აუდიტის სამსახური და მთავარი პროკურატურა, ჯობია პარლამენტის კონტროლქვეშ იყო“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.