შსს-ში ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელების აღკვეთაზე იმსჯელეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს შსს-ის აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დადებითად შეფასდა სახელმწიფოს მიერ გატარებული კომპლექსური ანტინარკოტიკული პოლიტიკა. კიდევ ერთხელ აქცენტი გაკეთდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კლების ტენდენციაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, მარტში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სახელმწიფო კომისია ახორციელებს მონიტორინგს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებას. სახელმწიფო კომისია ეფექტური მონიტორინგისა და ინფორმაციის სისტემატური გაცვლის მიზნით ყოველთვიურად იკრიბება.