მძლეოსნები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ
საქართველოს დამსახურებულმა მძლეოსნებმა – „მძლეოსნობის განვითარების კავშირის“ პრეზიდენტმა ბესო გოცირიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა დავით ჯარაშნელმა და გენერალურმა მდივანი თამარ შანიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მძლეოსნობაში არსებულ პრობლემებზე და ამავე ფედერაციაში, ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტზე გაყალბებულ არჩევნებზე ისაუბრეს. სპორტსმენებმა მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს ალექსი ახვლედიანს ბრალი არაკომპეტენტურობაში დასდეს. მათი განცხადებით, ახვლედიანს სპორტის არაფერი გაეგება და არც არაფერს სპორტის ამ სახეობის წინსვლისთვის არ აკეთებს.
როგორც მძლეოსნობის რეკორდსმენებმა „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, ფედერაციაში არჩევნები გაყალბებით ჩატარდა და ახვლედიანი არა არჩეული, არამედ ფაქტობრივად „დანიშნული“ პრეზიდენტია. ამის მიზეზი კი, სპორტსმენთა განმარტებით, მისი ყოფილ ხელისუფლებასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლო ურთიერთობები გახდა. „მძლეოსნობის ფედერაციაში არჩვენები გაყალბდა. ამის შესახებ ჩვენ საქმეში ჩავრთეთ ოლიმპიური კომიტეტიც და სპორტის სამინისტოც. მოვითხოვეთ, რომ უკანონოდ არჩეული ალექსი ახვლედიანი ჩამოშორებოდა ფედერაციას და ახალი არჩევნები დანიშნულიყო, თუმცა მოხდა პირიქით, და ის გიგი უგულავამ 2015 წელს ევროპის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ახვლედიანი ყოფილი ზონდერი პოლიციელია, რომელსაც სპორტში არაფერი გაეგება და არანაირი წვლილი ამ სფეროში არ მიუძღვის. ის არაპროფესიონალია. 2013 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ის სამტრედიაში კალაძის წინააღმდეგ იბრძოდა“,- განაცხადა საქართველოს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, საქართველოს რეკორდსმენმა თამარ შანიძემ. გარდა გაყალბებული არჩევნებისა, სპოსტსმენების განცხადებით, გაყალბდა საქართველოს რეკორდებიც. სპორტსმენები ასევე მძლეოსნობის ფედერაციაში გაფლანგულ თანხებზე საუბრობენ. „ჩვენ მოვიძიეთ საბუთები ქალაქის მერიიდან, რის მიხედვითაც დაახლოებით 15 მილიონამდეა დახარჯული. რას მოხმარდა ეს 15 მილიონი? მივმართეთ პროკურატურას და მიმდინარეობს ძიება“, – განაცხადა ყოფილმა მძლეოსანმა და საქართველოს რეკორდსმენმა ბესო გოცირიძემ. სპორტსმენების განცხადებით, გიგი უგულავამ ფედერაციას 15 მილიონამდე თანხა გადაურიცხა, ეს თანხა კი შემდეგ ისევ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაიხარჯა და გაიფლანგა. „ახვლედიანმა ფედერაციისთვის გადარიცხული ფული მძლეოსნობის სასახლით გაათეთრა. ახვლედიანი, გია ნაცვლიშვილი და მიშისტების მთელი „სასტავი“ ყოველდღე, საღამოობით მერაბიშვილის სახლში იკრიბებოდა. ჩვენ სანდო წყაროებიდან ვიცით, რომ ეს ფული გათეთრდა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდიოდა. ვითხოვთ, ახვლედიანი ფედერაციას ჩამოშორდეს და სამართლიანი არჩევნები ცატარდეს“, – განაცხადა სპორტის ოსტატმა დავით ჯარაშნელმა.