დავით ნარმანია ბრალდებებს პასუხობს: საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ სასამართლოში გიჩივლოთ
თბილისის მერი მისი ძმის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მოუწოდა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაიცვან. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადება გააკრიტიკა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საკუთარ თავს არ აკადრებს, თორემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლოში უჩივლებდა. ნარმანიამ ფრაქციის წარმომადგენელს ირაკლი ნადირაძეს მიმართა, რომ ბოდიში მოიხადოს მისი ცრუ ბრალდების გამო, ნადირაძეს ასევე ფრაქციის სხვა წევრი, ირაკლი აბესაძე დაეთანხმა.
კომენტარი ამის შესახებ მან ჯოკია ბოდოკიას დაკავების კომენტირებისას გააკეთა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რამე მერიაში არ მოხდება. თუ ვინმეს ხელი წასცდება, ეს გამონაკლისი არ იქნება და ყველა დაისჯება. თუმცა დაველოდოთ გამოძიების პროცესს და აუცილებელია, პატივი ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩემი ძმის, ირაკლი ნარმანიას მიმართ ბრალდებას – ჩემმა ძმამ თქვა, რომ ის იცნობდა ჯოკია ბოდოკიას, წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული და იქიდან იცნობდა. ბოდიში მოიხადეთ! საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ სასამართლოში გიჩივლოთ, თორემ ამის ღირსი ხართ!”, – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯოკია ბოდოკია თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ ქრთამის აღების ფაქტის გამო დააკავეს. ბოდოკია დანაშაულს არ აღიარებს და მისი სასამართლო პროცესი, საქმის არსებითი განხილვა უახლოეს დღეებში გაიმართება.