ვატანგ გომელაურმა პანკისელი მოსწავლეების მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე კომენტარი გააკეთა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვატანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების მიერ თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც შს მინისტრმა განაცხადა, მესაზღვრემ დაუშვა შეცდომა, არ გადაამოწმა არასრულწლოვნის ასაკი, რის გამოც მან საზღვრის გადაკვეთა მოახერხა. რაც შეეხება მეორე ახალგაზრდას, შს მინისტრის თქმით, ის სრულწლოვანია. გომელაურის თქმით, ქართული მხარე დაუკავშირდა თურქეთის სპეცსამსახურებს და სთხოვა, რომ პანკისის ხეობიდან რამდენიმე დღის წინ წასული ბავშვების უკან დასაბრუნებლად, შეძლებისდაგვარად, იმოქმედოს.
„მესაზღვრე არასწორად მოიქცა, როდესაც მას ფაქტობრივად გაეპარა არასრულწლოვანი, მეორე სრულწლოვანი იყო -18 წლის, მოგეხსენებათ, თურქეთში გასვლა ხდება ID ბარათებით და არა საზღვარგარეთის პასპორტებით, ამ ადამიანმა – მესაზღვრემ, როგორც ახსნა, არ ჰგავდა არასრულწლოვანსო, თუმცა ეს არ ამართლებს მას. მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შემდეგ დაიდება, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, საპატიებელი არ არის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ… ჩვენ დავუკავშირდით თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც ვთხოვეთ, რომ, შეძლებისდაგვარად, მოხდეს ბავშვების უკან დაბრუნება. ამაზე ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არასრულწლოვანი გაეპარა მესაზღვრეს, რადგან არ გადაამოწმა მისი წლოვანება, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ იყო ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ჩვენ უკან დავაბრუნეთ ადამიანები, და არა მხოლოდ არასრულწლოვნები, და მათი ოჯახები საქმის კურსში ჩავაყენეთ“, -განაცხადა შს მინისტრმა.
მშობლები ვარაუდობენ, რომ პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურიდან, სირიაში საბრძოლველად სკოლის მოსწავლეები, 16 წლის მ.კ და 18 წლის რ.ბ წავიდნენ. მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, ისინი ორი დღის წინ სკოლაში წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. მოზარდების მშობლები ყვებიან, რომ ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, და ბოლოს, პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც, გაირკვა, რომ მოზარდებმა აეროპორტში სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და თურქეთის მიმართულებით გაფრინდნენ. მშობლები ეჭვობენ, რომ თურქეთიდან მათ სირიაში საბრძოლველად გადაიყვანენ.