ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელებს უფლება აქვთ, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე დაიცვან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. მან ექიმებს დაჭრილის გადარჩენისთვის მადლობაც გადაუხადა და პირობა დადო, რომ სამინისტრო პოლიციელის ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება.
„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და ხელის აღმართვა ჩვენი საზოგადეობის გამორჩეული წევრების წინააღმდეგ. მე მოვუწოდე შს მინისტრს, პროკურატურას, ყველას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ უნდა გავაათმაგოთ ბრძოლა. ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედონ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.
თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ, პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს მალე დააკავებენ.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია. ეს უფლება მათ კანონით აქვთ მინიჭებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი პრემიერმა შს მინისტრთან ერთად მოინახულა.