ჯაბა სამუშია თბილისის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით კმაყოფილია
საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ჯაბა სამუშია ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებს თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი მოსახლეობის მოთხოვნებზეა მორგებული.
“თბილისის ბიუჯეტი 851 მილიონი ხდება. ფაქტობრივად, 47 მილიონით იზრდება ქალაქის ფინანსური დოკუმენტი. 9 მილიონი შიდა სახსრებით იქნა მოძიებული. მთლიანად შესატანი ცვლილებების მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი, 16 მილიონი კეთილმოწყობის ღონისძიებებზე იქნება მიმართული იმ მძიმე მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ დაგვხვდა. ეს არის გზების, ავარიული ბინებისთვის განკუთვნილი თანხა. რაც შეეხება სოციალურ საკითხს, ამ მიმართულებით მოთხოვნის მიხედვით თანხების კორექტირება მოხდა. არც ერთი სხვა მიმართულება, ეს იქნება ჯანდაცვა თუ სხვა, არ შემცირებულა, პირიქით, იზრდება. ჩვენი ოპონენტების თითიდან გამოწოვილ მიზეზებზე საუბრობენ. როცა ბიუჯეტი იზრდება 47 მილიონით, მათი ბრალდებები არაფერს ეფუძნება. რაც შეეხება ბაღების კეთილმოწყობას, ამ შემთხვევაში საკითხი გადადის თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დაქვემდებარებაში”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.