თბილისის მერიის კომისია შესრულებული სამუშაოების ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის მერია სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის მიერ მარტის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების ანგარიშს აქვეყნებს. რამდენადაც ცნობილია, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის მიერ, 2014 წლის სექტემბერი – 2015 წლის მარტის პერიოდში გაცემულია 10 806 048 ლარი, აქედან 8 348 416 ლარი საქართველოზე, ხოლო 2 457 632 ლარი საზღვარგარეთის კლინიკებზე მოდის.
მერიის ინფორმაციით, “სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების” ქვეპროგრამის აპლიკანტები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული.
როგორც მერიაში აცხადებენ, კომისიის მიერ განხილულია 11 130 საკითხი, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებულია 10 332, უარი ეთქვა – 798-ს, გაცემულია – 10 806 047 ლარი. კომისიის მიერ უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებია – სამედიცინო მომსახურება გაწეულია მოქალაქის მიერ მერიაში განცხადების შემოტანამდე; ბენეფიციარის ბოლო დაფინანსებიდან გასული პერიოდი 2 თვეზე ნაკლებია; პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიული ოპერაციები; სტომატოლოგიური მომსახურება; ბალნეოლოგიური და სხვა საკურორტო მომსახურება; სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა.
მერიის განცხადებით, კომისიის მიერ დაფინანსებულია რიგი სამედიცინო საჭიროება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება – კერატოკონუსი (თვალის დაავადება); გულის სტენტირება წამლით; ენდოპროტეზირება არასაპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის; სისხლძარღვთა კათეტერული აბლაცია არასაპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის. მერიის ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბერი – 2015 წლის მარტის პერიოდში დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა დაავადებათა ჯგუფის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2 811 სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადების შემთხვევებზე გადარიცხულია 1 827 484 ლარი; 2 260 სიმსივნურ დაავადებებზე გადარიცხულია 4 057 751 ლარი, 1028 ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემადგენელი ქსოვილების დაავადებებზე გადარიცხულია 951 181 ლარი. მერიის განმარტებით, 2014 წლის სექტემბერი – 2015 წლის მარტის პერიოდში ბენეფიციართა ყველაზე დიდი მოთხოვნა მედიკამენტებზე მოდიოდა. კერძოდ, 4 438 მოქალაქე დაფინანსდა. მეორე ადგილზეა ოპერაციული მკურნალობა – 2 512, ხოლო მესამე ადგილზეა რადიოლოგიური გამოკვლევები – 542.
“ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი დაფინანსების მხრივ ლაბორატორიულ გამოკვლევებზე მოდის, კერძოდ მოთხოვნილი თანხის – 71,8% დაფინანსდა, შემდეგ ადგილზე 63, 2%-ით რადიოლოგიური გამოკვლევებია, ხოლო მესამეზე – 49,5% – სხივური თერაპია. მოთხოვნილი საჭიროების მიხედვით გადარიცხული თანხის სიდიდის მხრივ ოპერაციულ მკურნალობაზე მოდის – 4 195 470, შემდეგ მოდის მედიკამენტები – 2 470 342 ლარი და მესამე ადგილზეა სხვადასხვა საჭიროება – 835 491 ლარი”, – განაცხადეს მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები