დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი გონს მოეგო – ის მეწყვილის ბედით დაინტერესდა
გუშინ დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი გონს მოეგო. პირველი რაც მან მოითხოვა, საწერი საშუალება იყო. რამდენადაც ცნობილია, რეანიმაციულ განყოფილებაში ის მისმა დედამ მოინახულა. გრძელიშვილი მისი მეწყვილის ბედითაც დაინტერესდა. ამ დროისათვის დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას დაბალი წნევა აქვს, რომელსაც ექიმები სპეციალური აპარატურის მეშვეობით არეგულირებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას „იმედის კვირა“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.