ზაქარია ქუცნაშვილი: სიტუაციის დრამატიზება არ არის საჭირო
უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გუშინ ვარკეთილში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და ყველას მოუწოდებს, სიტუაციის დრამატიზება არ მაოხდინონ.
“სამწუხაროდ დანაშაული არის საზოგადოებრივ-სოციალური მოვლენა. სადაც სოციუმია, იქ ყოველთვის ხდება დანაშაული. რა თქმა უნდა, პირველ დარტყმას იღებენ ჩვენი პოლიციელები. ასე რომ სიტუაციის დრამატიზება არ არის საჭირო. პოლიციელების ვალია დაიცვან ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და წესრიგი და იყვნენ ბრძოლის წინა ხაზზე”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილი.
შემთხვევა გუშინ ვარკეთილში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.