პოლიციამ პატრულის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნო

პოლიციამ პატრულ-ინსპექტორის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნო. ქუჩაში მიტოვებულ ტანსაცმელს ამ წუთებში ექსპერტები სწავლობენ. ტანისამოსთან ერთად ნაპოვნია “რენოს“ ტიპის ავტომობილი, რომელსაც საქარე მინაზე ტყვია აქვს მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ძებნის ოპერაცია ჩატარდა. ძებნა მიმდინარეობდა ჯავახეთის ქუჩაზე და ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ასევე, საცხოვრებელ კორპუსებში. ძებნას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი, ასევე, საგამოძიებო სამსახური, კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აწარმოებდნენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ვარკეთილში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს.
აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები