მანანა კობახიძე: პრეზიდენტსა და მთავრობას შორის პრობლემა საჯარო გამოსვლებით არ უნდა წყდებოდეს
„ყველა ინფორმაცია რაც სურს, რომ პრეზიდენტმა მიიღოს, მისთვის ხელმისაწვდომია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე საუბრობს. მისი თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მინისტრებისგან, მთავრობისგან და პრემიერ-მინისტრისგან, ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება აქვს.
როგორც კობახიძე მიიჩნევს, იმ შემთხვევაში, თუ პრეზინდეტსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის დეფიციტია, პრობლემა საჯარო გამოსვლებით არ უნდა წყდებოდეს.
„ყველა ინფორმაცია რაც სურს, რომ პრეზიდენტმა მიიღოს, მისთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი ინფორმაცია შეუძლია მთავრობისგან, მინისტრისგან, პრემიერისგან მოითხოვოს და ის ამ ინფორმაციით უზრუნველყოფილი იქნება. თუ კომუნიკაციის პრობლემა იყო, ეს რა თქმა უნდა ცუდია, ეს ასე არ უნდა იყოს და ამ შემთხვევაში ეს პრობლემა, მედიაში საჯარო გამოსვლებით არ უნდა წყდებოდეს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ამ თემაზე კომენტარები საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გაკეთდა, რაც გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. პრემიერმა, მარგველაშვილის მიერ ყოველწლიურ მოხსენებაში, მთავრობის მიმართ გამოთქმული კრიტიკა არ მიიღო. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ კარგია, როცა მთავრობა მის ანგარიშს საფუძვლიანად სწავლობს.