,,იბერია სთილი”- ახალი საწარმო ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, ,,აწარმოე საქართველოში’’ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო ,,იბერია სთილი“ დაათვალიერა და საწარმოო პროცესებს ადგილზე გაეცნო. ვიცე-პრემიერთან ერთად ქარხანაში იმყოფებოდნენ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და სხვა ოფიციალური პირები.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ შენობებმა, რომელიც გახლდათ გაჩერებული საწარმოს შენობები და ფაქტიობრივად, გამოუსადეგარ მდგომარეობაში იყო, დღეს ახალი სუნთქვა და მეორე სიცოცხლე შეიძინა და არის უკვე საწარმო, სადაც ასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს კომპანია უშვებს კონკურენტუნარიან ნაწარმს, რომელიც ადგილობრივადაც იყიდება და ასევე ექსპორტზეც აპირებენ გატანას ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რაც ძალიან სასიხარულოა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ იმ ჩარხებისა და მანქანა-დანადგარების უმეტესობა, რომლითაც კომპანია მუშაობს, ადგილობრივად მზადდება, ანუ ამ პროგრამამ ბიძგი მისცა არა მარტო თავად „იბერია სთილის,“ არამედ სხვა კომპანიების მუშაობის დაწყებასაც.
ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ რუსთავში მომზადების ფაზაშია კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი. ძალიან კარგია, რომ თავად რაიონის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამას, დღეს ჩვენთან ერთად არის გუბერნატორი, ქალაქის მერი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ზვიად ძიძიგური, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ხელშეწყობის პროცესში, რამაც, მთლიანობაში კარგი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსთავის მერი დავით ჯიქია კი მიიჩნევს, რომ ყოველი ასეთი საწარმოს ამუშავება ნიშნავს ასი-ასორმოცდაათი ადამიანის დასაქმებას.
„ეს ქარხნები თავის დროზე იყო დახურული, დროთა განმავლობაში მათი დიდი ნაწილი დაიშალა და ფაქტიურად, მათი აღდგენა თავიდან იწყება. ეს ხდება ეტაპობრივად, მაგრამ ძალიან კარგია, რადგან ყოველი ასეთი საწარმოს ამუშავება ნიშნავს ასი-ასორმოცდაათი ადამიანის დასაქმებას. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ახალი საწარმოების გახსნას და შემდგომ ფუნქციონირებას“, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
ქარხანა სრული დატვირთვით 2015 წლის ნოემბრიდან ამუშავდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზება მოხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ,,იბერია სთილში“ 160 ადამიანი იქნება დასაქმებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ,,იბერია სთილის“ დამფუძნებლებმა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ,,თი-ბი-სი“ ბანკიდან, პრაქტიკულად, 0%-იანი სესხი მიიღეს, რადგან სესხის პროცენტს სახელმწიფო ფარავს.
,,ამ პროექტის შედეგია, რომ დასაქმდა ასზე მეტი ადამიანი და დაიწყო ლითონის ისეთი სამშენებლო მასალის წარმოება, რომლის წარმოებაც დღემდე საქართველოში არ ხდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ამ საწარმოში ვიცე-პრემიერის სტუმრობა და ვფიქრობ, ეს არის დამატებითი სტიმული ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ასეთი პროექტების განხორციელება შეუძლია“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
შპს „იბერია სთილმა“ მუშაობა 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო. კომპანიამ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 1 500 000 აშშ დოლარის იაფი სესხი მიიღო, საიდანაც მთლიანი საპროცენტო განაკვეთის ათ პროცენტს, პირველი ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მეწარმოების განვითარების სააგენტო დააფინანსებს. საწარმოში ამ ეტაპზე 108 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ ,,იბერია სთილი“ გაფართოებას და საჭირო ტექნიკის შეძენასაც გეგმავს. პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე სარგებლობს 64 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 111, 900, 000 აშშ დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები