რამაზ საყვარელიძე: გია სოსანაშვილი გიორგი უდესიანის ახლობელია
„სოსანაშვილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დააკავეს, უდესიანთან ახლობლობს…“ – ამის შესახებ ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობაში პოლიტიკური მოტივის გამორიცხვა არ შეიძლება. „გვახსოვს დრო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც საზოგადოება ე. წ. ქუჩის ტოტალურ ტერორში ცხოვრობდა – „მხედრიონის“ პერიოდს ვგულისხმობ. შევარდნაძის მმართველობისას ტერორი ნელ-ნელა შემცირდა, მაგრამ არ გამქრალა. სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეს პრობლემა თითქოს გაქრა, თუმცა, თვითონ ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები გახდნენ მოქალაქეებისთვის სახიფათო. ბესო ხარძიანის მკვლელობაში პოლიტიკურ მოტივს ვერანაირად ვერ გამოვრიცხავთ.
რადგან გია უდესიანის სახელი ახსენეს, ერთი საინტერესო დეტალი გამახსენდა. როგორც მახსოვს, სოსანაშვილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დააკავეს, უდესიანთან ახლობლობს… შესაძლოა, ამას ერთმანეთთან არც აქვს კავშირი, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, – განაცხადა საყვარელიძემ. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ხარძიანის სავარაუდო მკვლელი ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა შორისაც იყოს. „სახელმწიფომ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იმოქმედოს და არ დაუშვას ქუჩის ტერორის დაბრუნება. არც ის უნდა დავუშვათ, რომ სამართლიანობის აღდგენის მომხრეებზე ნადირობა დაიწყოს. ამ ტრაგედიას რამდენიმე პოლიტიკური გათვლა შეიძლება ჰქონდეს, კერძოდ, საზოგადოებისა და განსაკუთრებით იმ პირების დაშინება, ვინც სამართლის აღდგენას ითხოვს და ამის მისაღწევად იბრძვის, და კიდევ, ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა. დარწმუნებული ვარ, გამოვლენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და დაიწყებენ ლაპარაკს, როგორ ვერ აკონტროლებს ხელისუფლება კრიმინოგენულ ვითარებას და რომ ადამიანებს ქუჩაში ხოცავენ… ერთიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, მომხდარი შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ვიღაცამ იმ დაპირისპირებით ისარგებლოს, რაც ხარძიანს „ნაციონალთა“ ხელისუფლებასთან ჰქონდა“, – განაცხადა საყვარელიძემ.