რევაზ ქურასბედიანი: ხარძიანთან სასამართლო დავის მეტი კავშირი არ მქონია
ბესიკ ხარძიანი ჩემი ყოფილი კომპანიონი იყო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მასთან სასამართლო დავის მეტი არავითარი ურთიერთობა არ მქონია, – ასე გამოეხმაურა გუშინ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობას “კუს ტბის” მფლობელი რევაზ ქურასბედიანი.
როგორც ქურასბედიანმა “კურიერს” განუცხადა, მას სასამართლო დავის მეტი ურთიერთობა და პრობლემა არ ჰქონია ბესიკ ხარძიანთან. ისევე, როგორც გია უდესიანთან, რომელიც მისი წარმომადგენელი იყო საქართველოში.
“ბესიკ ხარძიანი ჩემი ყოფილი კომპანიონი იყო. მას შემდეგ ჩვენ სასამართლო დავა გქვონდა, სხვა არანაირი კავშირი არ გვქონია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მე მას კარგად ვიცნობდი. აქაც ჩამოდიოდა, უკრაინაში. ფულს ვაძლევდი ხოლმე, მე მას რამდენჯერმე დავეხმარე, მე მას 10 მილიონი მივეცი. ეს თანხა ჩავდე ამ ბიზნესში თუმცა, უკან არაფერი მიმიღია. მასთან პირადი პრობლემები არ მქონია, მხოლოდ სასამართლო დავა მქონდა. მისი მტრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება გია უდესიანს, მასთანაც არაფერი პრობლემა არ მქონია, რადგან უდესიანი კომპანიის მფლობელიც არ ყოფილა. ის მხოლოდ ჩემი წარმომადგენელი იყო საქართველოში”, – განაცხადა რევაზ ქურასბედიანმა.
ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო. წლების განმავლობაში ის სხვა ბიზნესწილებსაც ფლობდა. კომპლექსის „კუს ტბა” მფლობელი 2011 წლის თებერვალში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის II ნაწილის „ა” პუნქტით ედებოდა – საუბარია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე.
ხარძიანს რვა წელი ჰქონდა მისჯილი. საპატრიარქოს შუამდგომლობის საფუძველზე, 2014 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის შეიწყალა. ბიზნესმენმა 2 წელი ციხეში გაატარა, თუმცა ბრალდებას უარყოფდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ იგი ამბობდა, რომ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და 2 წლის განმავლობაში არაადამიანურ პირობებში უწევდა ყოფნა. როგორც ხარძიანი აცხადებდა, ზურაბ ადეიშვილის, გია უდესიანისა და დავით კეზერაშვილის გარდა, მის საქმესთან პირდაპირ კავშირში იყო ვინმე ქურასბედიანი.