ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ხათუნა ჩარკვიანმა მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ფიზიკურმა პირმა ხათუნა ჩარკვიანმა მიმართა, – ამის შესახებ „კვირას“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მდივანმა დავით კლდიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხათუნა ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე ჟურნალისტურმა ქარტიამ პროცედურები დაიწყო.
„განცხადება უკვე მივიღეთ. ქარტიას განცხადებით ფიზიკურმა პირმა ხათუნა ჩარკვიანმა მომართა. ქარტიის შიდა პროცედურების გათვალისწინებით, ხათუნა ჩარკვიანის განცხადება უკვე გადაგზავნილია, ფორმალურად დასაშვებობის შემოწმების მიზნით. ამის შემდეგ, როგორც კი დასაშვებად იქნება ცნობილი, გადაიგზავნება მოპასუხე ინგა გრიგოლიასთან. ხათუნა ჩარკვიანის განცხადებას ქარტია სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში, დაახლოებით 20 აპრილს განიხილავს“, – აღნიშნა დავით კლდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანის ინგა გრიგოლიას მიერ, 20 მარტის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოუწოდა ტელეჟურნალისტის განცხადებით დაინტერესებულიყვნენ.
“21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა “რეაქციაში” ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა “რეაქციის” ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, ნაციონალური მოძრაობის აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე, რისი ლეგიტიმური უფლებაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს, გააიგივა 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” გამოცხადებულ ბოიკოტთან. ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში, მითუმეტეს რომელიმე არხის თემის შერჩევაში. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა “კატეგორიულ მოთხოვნებს” ემსახურება ჩემთვის გაუგებარ მიზნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მივმართავთ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას”, თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ, რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს”, – აღნიშნნა გია ვოლსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ინგა გრიგოლიამ, 20 მარტს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კატეგორიულად მოსთხოვეს, არ გაეშუქებინა 21 მარტის აქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები