გარემოს დაცვის სამინისტრო დედამიწის საათს აღნიშნავს
28 მარტს, მსოფლიო “დედამიწის საათს” აღნიშნავს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციას (CENN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, დედამიწის საათს აღნიშნავს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროსა და CENN-ის მიერ გამოცხადდა პოსტერების კონკურსი თემაზე – “მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენება ჩვენს რეგიონში”. კონკურსში საქართველოს 5 რეგიონის – აჭარის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი პოსტერები რეგიონებში არსებული მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებს ასახავდა.
გამარჯვებულ 22 მოსწავლეს დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ სამინისტროში უმასპინძლა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა.