სასულიერო პირისთვის დეპუტატ მარიამ საჯაიას მოსაზრება ერთსქესიანთა ქორწინებაზე მიუღებელია

მღვდელი ილია ჭიღლაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის მაია საჯაიას განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ საუბრობს. სასულიერო პირის განცხადებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მოკალათებული პირები ერთსქესიანთა კავშირზე ხშირად საუბრობენ. მისი თქმით, დეპუტატების მხრიდან ასეთი განცხადებები მიუთითებს, რომ მათ ერთსქესიანთა კავშირის დაკანონება სურთ.
„სამწუხაროდ, უკვე სისტემური სახე მიიღო ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მოკალათებული, პოზიციის თუ ოპოზიციის წევრთა მიერ ხმამაღლა აღიარებამ იმ აზრისა, რომ ოჯახი შეიძლება იყოს ერთსქესიანთა კავშირი (ე.ი. ჰომოსექსუალური კავშირი). ასეთი ადამიანები ნიადაგს ამზადებენ ჰომოსექსუალური ქორწინების დაკანონებისათვის საქართველოში, თავისი მრწამსიდან გამომდინარე, არ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, ისინი ქრისტიანობიდან ძალიან შორს დგანან, ამიტომ ეკლესიამ უნდა განკვეთოს ისინი თავისი სხეულიდან, ვინც ისედაც განკვეთილნი (ანუ განმდგარნი და დაპირისპირებულნი) არიან მასთან.
განკვეთა, ანუ ბერძნულად ”ანათემა”, საეკლესიო სამართლებრივი ქმედებაა რომელიც გულისხმობს იმ პირის საეკლესიო ერთობიდან, ანუ ქრისტიანთა დასიდან გარიცხვას, ვინც ისედაც გამდგარია და დაპირისპირებული ქრისტეს ეკლესიასთან, გამომდინარე მისი მრწამსიდან და ქმედებებიდან“, – წერს მღვდელი ილია ჭიღლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით “17 მაისთან” საუბარში აცხადებს, რომ ნებისმიერ ორ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, ხელშეკრულებით გააფორმოს ურთიერთობა. დეპუტატის თქმით, ორი ქალის, ან ორი კაცის ურთიერთობა შეიძლება იყოს ოჯახი.
“ოჯახი ჩემთვის არის ორი თანასწორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, სადაც სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ოფიციალური ქორწინება ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობაა და ეს ხელშეკრულება შესაძლო უნდა იყოს, რომ გაფორმდეს როგორც განსხვავებული სქესის, ასევე ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის. ამასთანავე, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და მკაცრად არ უნდა საზღვრავდეს პირთა ჯგუფებს, რომელთა შორისაც შესაძლოა, დამყარდეს კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობა”, – განუცხადა მარიამ საჯაიამ “17 მაისს” კითხვის საპასუხოდ, – ჰომოსექსუალი წყვილების მიმართ ხომ არ არის დისკრიმინაციული ის ფაქტი, რომ სახელმწიფო არეგისტრირებს ჰეტეროსექსუალურ ქორწინებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები