ნიკა გილაურმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოლიდური პრემია გამოიწერა
საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა 2008 წელს თანამდებობიდან შემოსავლის სახით 113 800 ლარი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაცია ნიკა გილაურმა უკვე, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა.
უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში ნიკა გილაურმა ქონებრივი დეკლარაცია 2009 წლის 27 აპრილს შეავსო, სადაც მან წინა წლის შემოსავლის თანხა – 113 800 ლარი მიუთითა.
2008 წელს ნიკა გილაური ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ნიკა გილაურმა ქონებრივი დეკლარაცია 2008 წელსაც შეავსო, მაშინ მან, თანამდებობიდან წინა წლის შემოსავალში 27 672 ლარი მიუთითა.
კვირა“ ნიკა გილაურის 2010 წლის ქონებრივი დეკლარაციითაც დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა დეკლარაცია 2010 წლის 2 მაისს შეავსო, სადაც 2009 წლის შემოსავალში თანხა – 73 789 ლარი მიუთითა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ნიკა გილაურმა – 9 040 ლარი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში კი – 17 700 ლარი მხოლოდ პრემიის სახით გამოიწერა. მხოლოდ 2008 წლის საპრემიო შემოსავალმა 71 320 ლარი (ოფიციალური ხელფასის თითქმის ორჯერადი თანხა), ხოლო წლიურმა შემოსავალმა 113 800 ლარი შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრად ნიკა გილაური 2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა. 2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.