ირაკლი ღარიბაშვილი „თავისუფალ დემოკრატებს“: – სამწუხაროა, რომ ისინი განცხადებებით „ნაციონალურ მოძრაობას” ემსგავსებიან
„მართლა არ მინდა, ყოფილ თანაგუნდელებზე რაიმე განცხადება გავაკეთო, თუმცა, ისინი ამას იმსახურებენ“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ჰოლიდეი ინში” გამართულ პრესკონფერენციაზე „კაბელების საქმის” კომენტირებისას. ჟურნალისტის კითხვა, „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის მიერ გახმოვანებულ იმ განცხადებას ეხებოდა, სადაც ირაკლი ალასანიამ პროკურატურა ექსპერტ ავთანდილ გულთიაშვილის მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა. ირაკლი ალასანიას გუშინდელ განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არავინ დგას და ვერავინ დადგება კანონზე მაღლა.
„მართლა არ მინდა, ყოფილ თანაგუნდელებზე რაიმე განცხადება გავაკეთო, თუმცა, ისინი ამას იმსახურებენ. არ მინდა, რომ ამ უპასუხისმგებლო განცხადებას რაიმე კონკრეტული განცხადებით ვუპასუხო, მე ვნახე, რომ პროკურატურამ გუშინ გააკეთა განმარტება, გამოაქვეყნა განცხადება და იქ ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ მინდა, ერთი რამ გითხრათ, ამ ქვეყანაში არავინ დგას და ვერავინ დადგება კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები. გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობს და თუ ვინმეს რეალური არგუმენტები აქვს, შეუძლია, წარმოადგინოს. უპასუხისმგებლო განცხადებებზე სხვა კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს. სამწუხაროა, რომ ისინი დღითი დღე თავიანთი განცხადებებით ემსგავსებიან „ნაციონალურ მოძრაობას”, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.