საგანგებო ბრიფინგი საკრებულოში – “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნარმანიას საქმიანობას აკრიტიკებენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისის’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და ამავე ფრაქციის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართეს და თბილისის მერის დავით ნარმანიას რვათვიანი მოღვაწეობა გააკრიტიკეს. ირაკლი აბესაძემ IRI-ს კვლევების შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მოსახლეობის 92% თბილისის მერის რვათვიან მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს.
“დღეს დავით ნარმანიამ მერიაში შესვლის საშუალება არ მოგვცა, რითაც მოქმედი კანონმდებლობა დაირღვა. მიმაჩნია, რომ ჩვენ, ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენი მხარდამჭერების ინტერესების დასაცავად აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულნი მთავრობის საქმიანობაში, რისი საშუალებაც არ გვეძლევა’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ და აღნიშნა, რომ მას მთავრობის სხდომაზე ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის თაობაზე მთავრობის წევრთა პოზიციის მოსმენა სურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება თემურ გრიგალაშვილმაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ სხდომაზე მათი არშეშვება ადგილების სიმცირით აიხსნა. ,,ჩვენ მთავრობის ყველა სხდომაზე მივალთ და შევეცდებით, ვაიძულოთ მთავრობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეს’’, – განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.