“ხელისუფლება ბევრ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, თუმცა მოსახლეობამდე ამ ინფორმაციის მიტანა არ ხდება”

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას პიარკამპანიას უწუნებს. როგორც ლაგაზიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ხელისუფლება ბევრ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, თუმცა მოსახლეობამდე ამ ინფორმაციის მიტანა არ ხდება. ხელისუფლების ინიციატივებიდან და ქმედებებიდან ლაგაზიძემ სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან 75% თანადაფინასებაზე და ჩინეთიდან საქართველოში მატარებლის შემოსვლაზე ისაუბრა. მანვე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მაღალ რეიტინგზეც გააკეთა.
მისი თქმით, რეცეპტების გარშემო ატეხილმა ხმაურმა სერგეენკოს რეიტინგს ვერაფერი დააკლო, რადგან თავის დროზე საყოველთაო დაზღვევა და ბოლო პერიოდში უკვე C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა ძალიან კარგად გაპიარდა. საყოველთაო დაზღვევის სიკეთე კი, მისი განცხადებითვე, მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნო. „სერგეენკოს მიმართ მაღალი პროცენტი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ განაპირობა. მის ამ პოპულარობაში დიდი წვლილი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტს და C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას მიუძღვის. ერთადერთი წარმატებული კამპანია რაც, ამ ხელისუფლებას ჰქონდა, ეს C ჰეპატიტთან ბრძოლის სარეკლამო კამპანია იყო. ორი წარმატებული კამპანიის ფონზე, ბუნებრივია, რომ მისი რეიტინგი მაღალია.
საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტი თავის ზურგზე იგრძნო მოსახლეობამ. ხელისუფლების მხრიდან მათი ნაბიჯებისა და პროგრამების მოსახლეობის მიმართ შესაბამისი მიწოდება არ ხდება. ისინი საქმეს აკეთებენ, მაგრამ ამაზე მათ გარდა არავინ იცის. უდიდესი მიღწევა იყო, როდესაც ჩინეთიდან ერთი თვის წინ მატარებელი შემოვიდა, ეს ისტორიული მოვლენაა, თუმცა ამის შესახებ თითქმის არავინ იცის. როცა ამხელა წინსვლა გაქვს, რომელიც ერთ და ორ წელზე კი არა გათვლილი, არამედ ათეულობით წელზე, ეს უნდა დამანახო. იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი პროგრამაა, ხელისუფლება ფერმერული და სასათბურე მეურნეობების შექმნის დროს 75% თანადაფინანსებას იძლევა, მაგრამ ეს მისმა მიზნობრივმა აუდიტორიამ არ იცის. აკეთებდე და იმის უნარი არ გქონდეს, ეს მოსახლეობამდე მიიტანო, საოცარია“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები