ელისო ჩაფიძე „ნაცმოძრაობას“ “მოქალაქეთა კავშირის“ ბედს უწინასწარმეტყველებს
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გამოეხმაურა. დეპუტატმა „კვირასთან“ საუბარში „ნაციონალების“ მხარდამჭერების კლების ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ედუარდ შევარდნაძის პარტიის მოქალაქეთა კავშირის ბედი უწინასწარმეტყველა. ელისო ჩაფიძემ, აქციაზე უმაღლეს დონეზე მუშაობისთვის პოლიციას მადლობა გადაუხადა.
„რაც მთავარია აქცია მშვიდობიანად დასრულდა. იმაზე საუბარიც კი, რომ „ნაცმოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, ზედმეტია. არ მეგონა თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე სწრაფად დაკარგავდა მხარდამჭერებს. ერთთვიანმა პროპაგანდამ და სატელევიზიო რეკლამებმა არ იმუშავა, ვერ გამოიღო შედეგი. მინდა, დღევანდელ აქციაზე უმაღლეს დონეზე მუშაობისთვის პოლიციას მადლობა გადავუხადო. მე „ნაციონალების“ შენიშვნებს არ ვეთანხმები. მთავრობა საკმაოდ სერიოზულად მუშაობს. ხოლო “ნაცმოძრაობას”, არც პარლამენტში და არც საზოგადოებაში არ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა. მათ არც იმის მორალური უფლება აქვთ, მთავრობას გადადგომა მოსთხოვონ, მაგრამ ხელისუფლებას ვერ ელევიან. მომავალ პარლამენტში ალბათ მაქსიმუმ 20 ადამიანით იქნებიან წარმოდგენილნი, მომავალში კი, ისინი „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს გაიზიარებენ. შესაძლოა, ზოგიერთი ლიდერი მომავალში სხვა კონფიგურაციაში აღმოვაჩინოთ, მაგრამ როგორც პარტია “ ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებააში ძალიან დიდხანს ვეღარ მოვა“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ „კვირასთან“ საუბრისას.