დავით ბაქრაძემ მთავრობას და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს საჯარო პირობა მისცა
საჯაროდ ვდებ პირობას თქვენი და ქართველი ხალხის წინაშე, რომ როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, პირველი ორი ინიციატივა, რომელსაც მე წამოვაყენებ იქნება ინიციატივა პოლიტიკური შერიგებისა და ეკონომიკური ამნისტიის შესახებ, – აღნიშნული განცხადებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.
“მინდა, ვუთხრა მთავრობასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია წარსულის – დღეს ამ მოედანზე, მე საჯაროდ ვდებ პირობას თქვენი და ქართველი ხალხის წინაშე, რომ როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, პირველი ორი ინიციატივა, რომელსაც მე პირადად წამოვაყენებ, იქნება ინიციატივა პოლიტიკური შერიგებისა და ეკონომიკური ამნისტიის შესახებ. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი დაპირისპირებას, ზიზღს. წერტილი უნდა დავუსვათ ერთმანეთის ქვებით დევნას და თუ დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც მოსახლეობის ერთ ნაწილს ხელში ქვას უდებს და ეუბნება, წადი და მეორე ადამიანს ესროლეო, ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც დააყენებს პოლიტიკური შერიგების ინიციატივას და ყველას ექნება საშუალება ქვეყანაში მშვიდად იცხოვროს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, უმცირესობის ლიდერმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის არ შეეშინდეთ.
“მინდა, მივმართო ყველას, ვინც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და “ქართული ოცნების მხარდასაჭერად” იბრძოდა – ნუ შეგეშინდებათ, რადგან სწორედ ჩვენ დავუსვამთ წერტილს დაპირისპირებას და ქვების სროლას. ჩვენ მოგცემთ საშუალებას, ერთიან საქართველოში ვიცხოვროთ. მე მინდა, ვუთხრა თითოეულ ბიზნესმენს, რომელიც აფინანსებს ან ვისაც ძალით აფინანსებინებენ “ქართულ ოცნებას” – ნუ შეგეშინდებათ რომ ჩვენ ამაზე პასუხს მოგთხოვთ – არ მოგთხოვთ, იმიტომ რომ პირველი, რასაც გავაკეთებთ იქნება ეროვნული შერიგებისა და თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ შერიგებასა და თანხმობასადაც სჭირდება არსებული ხელისუფლების წასვლა, ამიტომაც უნდა წავიდეს ეს მთავრობა”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.