“ეს დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანაშაულები სრულყოფილად გამოძიებული არ არის”
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის რეკომენდაციას – ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებასთან დაკავშირებით – მიესალმება და აცხადებს, რომ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში ნამდვილად არსებობდა სისტემური დანაშაულებები.
„ეს დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანაშაულები სრულყოფილად გამოძიებული არ არის. საბჭოს რეკომენდაცია ემსახურება სწორედ მითითებას, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებზე საქმეების წარმოება უნდა გაგრძელდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია”, – განუცხადა „რეპორტიორს” კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, არ არსებობს საფუძველი, მრჩეველთა საბჭოს კომპეტენცია ეჭქვეშ დავაყენოთ.
„ეს არის უაღრესად წარმატებული, ცნობილი და ავტორიტეტული სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებაში მიუღიათ მონაწილეობა და ბრალი დაუმტკიცებიათ. ამ კოლექტიურმა რეკომენდაციამ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ პროკურატურა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიებებს სწორი მიმართულებით აწარმოებს. ახლა ჯერი პროკურატურაზეა, რამდენად სწრაფი ტემპებით გააგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს”, – განაცხადა კაიკაციშვილმა „რეპორტიორთან” საუბარში.
პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული მორიგი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურორს, განაგრძოს სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის” ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.