“ნაციონალური მოძრაობის” აქციის კონტრაქციას ემზარ კვიციანი შეუერთდა
“ნაციონალური მოძრაობა” სექტაა და უნდა გაქრეს“, – ამ სახელწოდებით კოალიცია „ერთსულოვნების“ წევრები ხელმოწერებს აგროვებენ და საზოგადოებივი მაუწყებლის შენობის წინ აქციას მართავენ.
როგორც კოალიციის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვეფხვია ღვალაძემ განაცხადა, ხელმოწერების შეგროვების მიზანია იმის მოთხოვნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სექტაა და უნდა გაქრეს.
მისივე თქმით, ისინი შეძლებენ რომ დიდი რაოდენობით ხელმოწერები შეაგროვონ, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდა კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება არ აქვს მაშინ როცა მოესურვება აქცია გამართოს. კვიციანის აზრით, ამის წინააღმდეგ ყველა პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ უბრალო ადამიანები გაერთიანდებიან.
“ჩვენ გამოვთქვამთ პროტესტს “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. მე მივალ ნებისმიერ აქციაზე, სადაც გამოვლენ და იტყვიან, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში არ უნდა არსებობდეს, რომ ისინი მოღალატეები არიან. მე მათ გვერდით ვიქნები ყოველთვის, ვინც ამას იტყვის”, – განაცხადა კვიციანმა და აღნიშნა, რომ კონტრაქციის მონაწილეები ხელისუფლებას მკაცრად მოსთხოვენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება მოხდეს.
აქციის მონაწილეები ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი გზის სავალ ნაწილზე იმყოფებიან.