„ზაზა ხატიაშვილის კრიტიკის გამო ადვოკატებს გვემუქრებიან“

  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს კიდევ ერთი ადვოკატი უპირისპირდება. ადვოკატი გიორგი მარიამიძე ასოციაციის თავმჯდომარეს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ადვოკატების მიმართ დამცინავი განცხადებებისგან. როგორც მარიამიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადვოკატთა ასოციაციის წევრები განსხვავებული აზრის გამო ზაზა ხატიაშვილისგან იდევნებიან. მისი თქმით, არ არის გამორიცხული განსხვავებული აზრის მქონე ადვოკატებს ეთიკის კომისიაშიც უჩივლონ.
„განსხვავებული აზრის მქონე ადვოკატების მიმართ ასოციაციაში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიამ დაიწყო რეაგირება – მოხდეს დევნა იმ ადვოკატებისა, რომლებიც ზაზა ხატიაშვილის წინააღმდეგ განცხადებებს გააკეთებენ. ისინი იმუქრებიან იმით, რომ ადვოკატებს უჩივლებენ ეთიკის კომისიაში და ამ კომისიის მეშვეობით, მათთვის მოხდება უფლებამოსილების შეჩერება, ან სხვა უფრო მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება”, – განაცხადა ადვოკატმა პრესკონფერენციაზე.
მარიამიძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, ადვოკატები ასოციაციის თავმჯდომარეს სთხოვდნენ, გაეკეთებინა კრიტიკული განცხადებები იმ სახაზინო ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევდნენ ადვოკატთა ეთიკის კოდექსსა და სამართლებრივ ნორმებს.
„მათი წყალობით ბევრი ადამიანი მოხვდა გისოსებს მიღმა, მაგრამ ისევე როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, ასევე სხვა ხელმძღვანელი პირები, აცხადებდნენ, რომ ასოციაცია არ უნდა იყოს ადვოკატთა დამსჯელი ორგანო. მაშინ, როცა ჩვენ გამოვთქვით პროტესტი ხატიაშვილის მიერ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, ხატიაშვილმა აამოქმედა შიდა მექანიზმები და სურს, ადვოკატთა უფლებების დაცვისა და ეთიკის კომისიების გამოყენებით მოახდინოს ზეწოლა ჩვენზე, რათა შევწყვიტოთ კრიტიკული განცხადებები”, – განაცხადა მარიამიძემ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის გოგა ონიანის დაცვის გამო, გიორგი მარიამიძის გარდა სხვა ადვოკატებიც დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები