“ჯერი სასამართლოზეა, როგორ გაართმევს თავს იყოს მიუკერძოებელი და ადამიანის უფლებაზე ორიენტირებული მსაჯული”

ჯერი სასამართლოზეა, როგორ გაართმევს თავს იყოს მართლაც მიუკერძოებელი და ადამიანის უფლებაზე ორიენტირებული მსაჯული, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ “ტელეიმედის” გადაცემა “ქრონიკაში” განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა არის მართლმსაჯულებისადმი ნდობის დაბრუნება, ასევე მთავარია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა და მოუწევს თუ არა მას საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა.
“ეს აერთიანებს არა მხოლოდ გადაწყვეტილებათა სტანდარტის ამაღლებას, ადამიანის უფლებაზე და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებას, ასევე საკადრო პოლიტიკის გადახედვასაც, რაც უკავშირდება მოსამართლეთა პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, მათი ეთიკური სტანდარტის ძალიან მაღალ სიმაღლეზე წარმოდგენას. კონკრეტულად ამ ეტაპზე საკადრო გადაწყვეტილებები ძნელია წარმოიდგინო. აქ არის საკანონმდებლო ბაზა. საკადრო გადაწყვეტილებები უკავშირდება სამოსამართლეო კორპუსის განახლებას, ანუ ახალი მოსამართლეების გამწესებას და ასევე ეს საკითხი შეიძლება დაუკავშირდეს იმ არასასურველ მომენტებს, რაც სასამართლო კორპუსიდან მოსამართლეთა წასვლით, გათავისუფლების საკითხი, ან უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ან უკვე დისციპლინური წარმოებით, ან სხვა უფრო მძიმე ბრალდებით შეიძლება განხორციელდეს”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები