სთხოვა თუ არა ვახტანგ კიკაბიძემ უკრაინას თავშესაფარი – რას აცხადებს მომღერალი?
მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მან თითქოს უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, განმარტებას აკეთებს.
როგორც კიკაბიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა “რეაქციაში“ კიევიდან ჩართვისას განაცხადა, მან თავშესაფართან დაკავშირებით კიევში სულ სხვა კონტექსტში ისაუბრა და ამას რეალობასთან საერთო არ აქვს.
„უკრაინელი ხალხი მოდიოდა ქუჩაში და მეკითხებოდა როგორ იქნება ჩვენი საქმეო, მე ვეუბნებოდი იმდენად კარგად, რომ შესაძლოა მომავალში მეც ჩამოვიდე და თავშესაფარი მოვითხოვო-მეთქი, ეს ხუმრობით ვთქვი, სერიოზულად თუ აღიქვა ვინმემ, არ ვიცი. მე ჩემს სამშობლოზე მეტად ამ ქვეყანაზე არაფერი არ მიყვარს. უკრაინელებს კი ზუსტად ის გასაჭირი აქვთ, რაც ჩვენ გვქონდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ხუმრობა, ასეთი რამე სერიოზულად თავში არც გამივლია“, – განაცხადა ვახტანგ კიკაბიძემ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია,იმის შესახებ, რომ ვახტანგ კიკაბიძემ, რომელიც კიევში იმყოფება, უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.