გიორგი ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილს პასუხობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება. ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური.
“ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები, იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური. ეს არაერთხელ აღიარებულია ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამიმდევრულად იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საჭიროა, რათა მაქსიმალურად შევარბილოთ ის პროცესები, რაც დღეს ეკონომიკაში მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეროვნული ბანკის გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები აღიარებული და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არაერთხელ ბოლო პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა ქადაგიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც ივანიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჩარევა დააგვიანა და მოახერხა, ეს პროცესი აჟიოტაჟში გადაეტანა.