„არემჯიმ“ გარემოსდაცვითი აუდიტის გეგმის პრეზენტაცია გამართა
კომპანია „არემჯის“ ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურმა ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ააიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია“ წარადგინა. კომპანიის მიზანია, გარემოსდაცვითი აუდიტი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული როგორც მისი მიმდინარეობის, ასევე საბოლოო შედეგების შესახებ.
„ორგანიზაცია, რომელიც გარემოსდაცვით აუდიტს ჩაატარებს, ტენდერის საფუძველზე გამოვავლინეთ და ის მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი ექსპერტებით არის დაკომპლექტებული. დღეს უკრაინელმა კონსულტანტებმა აუდიტის სამოქმედო გეგმა წარმოგვიდგინეს. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო და შრომატევადი სამუშაო პროცესი გველოდება“, – განაცხადა „არემჯის“ გარემოსდაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს და მედიას ჩასატარებელი აუდიტის გეგმა საერთაშორისო გარემოსდაცვითმა აუდიტორებმა, პროფესორმა გრიგორი შმატკოვმა და ირინა ნიკოლაევამ გააცნეს. აღნიშნული აუდიტორები იმ 18-კაციანი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც 6-თვიანი პროექტის მსვლელობისას უზრუნველყოფენ გარემოსდაცვითი მაჩვენებლების დამოუკიდებელ შეფასებას შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში. მომდევნო თვეებში სამუშაო ჯგუფს ასევე ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, მსოფლიო ბანკის ექსპერტი გარემოსდაცვითი აუდიტორი შვედი კარლ ლუნგენი შეუერთდება. გარემოსდაცვითი აუდიტის ექსპერტთა ჯგუფში წარმოდგენილი არიან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გარემოსდაცვითი აუდიტორები, გეოლოგები, სამთო და გეოინჟინრები, ნიადაგმცოდნეები, წყლის ექსპერტები და სხვა. ისინი საფუძვლიანად შეისწავლიან თუ რა ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე საწარმოო პროცესები, შეიმუშავებენ და დაგეგმავან შესაბამის რეკომენდაციებსა და შემარბილებელ ღონისძიებებს.