„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება. ამასთან, ითვალისწინებს აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ევროპის ბაზარზე მიწოდებას, ხოლო საქართველო კი ამ ინიციატივის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორის როლს ასრულებს, რითაც კიდევ უფრო იზრდება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო როლი.
“45 მილიარდი აშშ დოლარის ენერგეტიკული პროექტი მოიცავს: აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზა, რომელიც დამატებით 22 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოპოვებას უზრუნველყოფს; სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა, რაც გულისხმობს ახალი მილსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და საქართველოში 2 ახალი საკომპრესორო სადგურის და 50 კმ-მდე გაზსადენის მშენებლობას; თურქეთის ტერიტორიაზე საბერძნეთის საზღვრამდე ტრანს-ანატოლიური (TANAP) გაზსადენის მშენებლობა; ტრანს-ადრიატიკული (TAP) გაზსადენების მშენებლობას თურქეთის საზღვრიდან საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიამდე. შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდას რეგიონში. „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების“ პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი – ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარება საქართველოს მოუტან”, – ნათქვამია განცხადებაში.