ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად გაბიონების, საყრდენი კედლების, რკინა-ბეტონის მილებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. ასევე კიუვეტების, ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობაა დაგეგმილი.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ახალქალაქს, გარიყულას და ერთაწმინდას გაივლის, რომელიც ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება. სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 2 478.000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმებულია. პროექტის დასრულება ხელშეკრულების პირობების თანახმად 2016 წელს იგეგმებოდა, ინტენსიური მუშაობის შედეგად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება“, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები