სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი განცხადებას ავრცელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 15 მარტს ზუგდიდში გამართულ აქციაში აპარატის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ” ვაცხადებთ, რომ ლაშა გავსალია არ არის გუბერნატორის მოადგილე და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში არცერთ თანამდებობაზე არ მუშაობს. გუშინ, 16 მარტს, ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ლაშა გვასალია არ არის ჩვენი თანამშრომელი, მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში იგივე „შეცდომა“ დაუშვა. გუბერნატორის ადმინისტრაცია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ მაყურებელი შეცდომაში. ასევე ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს აქციაში მონაწილეობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, რაც ასევე სიცრუეა. ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ანი ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა იმ პირების სია, ვინც თითქოსდა, მათ თავს დაესხნენ. ამ სიაში ანი ნადარეიშვილმა შეიყვანა გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა. ვაცხადებთ, რომ პაატა ლაგვილავა არ მონაწილეობდა აქციაში და ანი ნადარეიშვილი განზრახ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ჩვენ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვთხოვდით ნადარეიშვილს, გამოექვეყნებინა ფოტო ან ვიდეომასალა, სადაც პაატა ლაგვილავას ძალადობა იქნებოდა აღბეჭდილი, თუმცა ის მასალას ვერ წარმოადგენდა მარტივი მიზეზის გამო – მსგავსი ფაქტი და, შესაბამისად, კადრებიც არ არსებობს. პაატა ლაგვილავა ანი ნადარეიშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს”,- ნათქვამია განცხადებაში.