მარტვილში, სავარაუდოდ, ოქტომბერში შუალედური არჩევნები გაიმართება
მაჟორიტარი დეპუტატის, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარების” წევრის ნაული ჯანაშიას გარდაცვალების გამო, მარტვილში 2015 წლის ოქტომბერში, სავარაუდოდ, შუალედური არჩევნები გაიმართება. საარჩევნო კანონდებლობის 129-ე მუხლის თანახმად – შუალედური არჩევნები ჩატარდება: 1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.
2. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.
მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი ნაული ჯანაშია 68 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს ნაული ჯანაშია – „ნაციონალური მოძრაობიდან“, მურთაზ ხურცილავა – კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ , შოთა ჩახავა – „ახალი მემარჯვენეებიდან“ , ზურაბ კვეკვესია – „სამართლიანი საქართველოსთვის“, გულნაზ ცაავა – „ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობა“, გოჩა ცაგურია – „ლეიბორისტული პარტიიდან“ უპირისპირდებოდნენ.