სამცხე -ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. ის საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას – მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროგრამა 15 მარტს დაიწყო. განაცხადების მიღება კი 5 მაისამდე გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით პროგრამას ახორციელებს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ბიზნესიდეები, რისთვისაც პირველ ეტაპზე ხდება პროგრამის განაცხადის ფორმის შევსება. საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნესგეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე). თანადაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მეწარმეს მოეთხოვება თანადაფინანსების სულ მცირე 20% ოდენობის ფულადი თანამონაწილეობა ბიზნესში. თანადაფინანსების მოსაპოვებლად, მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას ჯერ ბიზნესიდეების კონკურსში, რომლის ფარგლებშიც სპეციალური განაცხადის ფორმის მეშვეობით ხდება იდეის აღწერა, ხოლო სპეციალური ტრენინგის შემდგომ კი წარუდგენენ საკუთარ ბიზნესგეგმებს პროგრამის კომისიას.
ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამცხე – ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების ან განვითარების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. ბიზნესგეგმების კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებენ მხოლოდ ის მეწარმეები, ვისაც შემოსავლების სამსახური მიანიჭებს მიკრობიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის სტატუსს. ხოლო მეწარმეთა ჯგუფებს, კონკურსის ბოლო ეტაპზე ასევე მოეთხოვებათ გაერთიანება ამხანაგობის ფორმით. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო -სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო წარმოება და მომსახურება, რომელიც ნებადართულია ზემოხსენებული სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის.