სუბარის უწყებასთან დევნილთა აქცია მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ვარკეთილში მცხოვრები დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დევნილები სოზარ სუბართან შეხვედრას და მათი პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ვარკეთილი 3-ში, II მ/რ-ში, 1999 წელს, მაშინდელმა მთავრობამ 180-მდე ოჯახი შეასახლა და ისინი აღნიშნული ფართების მართლზომიერი მფლობელები გახდნენ. თუმცა დევნილების თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდნენ ბინების მესაკუთრეები, რომლებიც თერთმეტამდე ოჯახს ფართს ედავებიან. მსგავსი საფრთხის წინაშე სხვა ოჯახებიც დადგნენ. აქციის მონაწილეები მიმართავენ სამინისტროს, რათა იშუამდგომლოს მესაკუთრეებთან და დაიცვას დევნილთა უფლებები.