ლადო სადღობელაშვილი: აუდიო-ჩანაწერი „ტაბულას” სამონტაჟოში თამარ ჩერგოელიშვილის ხელმძღვანელობით დამონტაჟდა

„თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროვებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სადღობელაშვილის ინფორმაციით, მისი და საპატრულო პოლიციის საუბრის აღმნიშვნელი აუდიო-ჩანაწერი ტელეკომპანია „ტაბულას” სამონტაჟოში, გუშინ ღამით თამარ ჩერგოელიშვილის ხელმძღვანელობით დამონტაჟდა.
„სარწმუნო წყაროდან, „ტაბულას”  ტელევიზიის თანამშრომლისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟდა გუშინ ღამე, ტაბულას ტელევიზიის სამონტაჟოში თამარ ჩერგოლეიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.
მიზეზი, თუ რატომ გააკეთა ეს ყველაფერი ჩერგოლეიშვილმა, გახლავთ ის, რომ რამდენიმე დღის წინ “თავისუფალმა თაობამ” გიგა ბოკერიას და ჩერგოლეიშვილს ჩაუტარა აქცია მისივე სადარბაზოში, რაზეც ეს პიროვნება გაღიზიანდა და გადაწყვიტეს შური ეძიათ.ზუზაძეს საერთოდ არ ვიცნობ, ფრაგმენტებში რეალურად ჩვენი ორგანიზაციის წევრს, მუხიგულაშვილს ვესაუბრები და ეტყობა საპატრულო პოლიციამ ეს საუბარი შემთხვევით ჩაიწერა. აუდიო-ჩანაწერში ტექსტები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და დამონტაჟებულია”, – განაცხადა სადღობელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიოჩანაწერი გაავრცელა. პარტიის ინფორმაციით, “თავისუფალი თაობის” ლიდერის ლადო სადღობელაშვილისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დიალოგი, საპატრულო პოლიციის მანქანაშია ჩაწერილი. აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სადღობელაშვილი მის მიერ დაგეგმილი აქციების შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციას უთანხმებს, პატრულის კითხვაზე – შეთანხმებულია თუ არა ეს აქციები, სადღობელაშვილი პასუხობს – “ჩვენი არსებობაა შეთანხმებული.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები