დავით უსუფაშვილი: მოზარდების პოლიტიკურ ღონისძიებებზე ტარება დანაშაულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს
მოზარდების პოლიტიკურ ღონისძიებებზე ტარება დანაშაულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრებას.
როგორც დავით უსუფაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა, მოზარდების პოლიტიკურ ღონისძიებაზე წაყვანა, მითუმეტეს თუ ეს ღონისძიება ძალადობრივი შინაარსის არის, დანაშაულია. მისი განცხადებით, მომხდარის გარკვევა აუცილებელია.
„მოზარდებათან დაკავშირებით, მე არ მგონია, რომ აქცენტი მხოლოდ იმაზე უნდა გაკეთდეს, მოზარდებს ვინმემ აჩვენა თუ არა ძალადობრივი თუ სხვა შინაარსის შემცველი კადრები. რა თქმა უნდა, ეს დიდი უბედურებაა, მაგრამ არანაკლები უბედურებაა, თუ ვინმემ მოზარდები, ადმინისტრაციული თუ სხვა რესურსის გამოყენებით, პოლიტიკურ ღონისძიებაზე წაიყვანა.
თუნდაც, ამ ფილმში კარგად დავარცხნილი და სხვა შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკური ღონისძიება ყოფილიყო. ეს არის დაუშვებელი ამბავი და ეს რომ აღარ განმეორდეს, საჭიროა ამ თემის რაც შეიძლება სწრაფად გარკვევა, ოღონდ არა პოლიტიკური ჟივილ-ხივილის ფონზე. ამ საქმეში მონაწილე პირი კი, ვინც გამოიკვეთება, მისი უმკაცრესი დასჯა. საჭიროა ძალიან მკაფიო მესიჯის გაგზავნა, რომ ამით ვღუპავთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას და მის მომავალს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.