ჯაბა სამუშია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ერთ დღეში სამი ბინა შეიძინა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება
საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან ერთ დღეში სამი ბინა შეიძინა, სიცრუეს უწოდებს და განცხადებას ავრცელებს. “ბინა, რომელზეც არის საუბარი, შპს “ეკომეტრს” ეკუთვნის. ბინას კრედიტით ვყიდულობ, კრედიტის ბოლომდე დაფარვამდე კი უძრვი ქონება ჩემს სახელზე დარეგისტრირებული ვერ იქნება. ბინის მთლიანი ფართი შეადგენს 147 კვ.მეტრს. აქედან საცხოვრებელი – 127კვ.მეტრია. თავის დროზე, აღნიშნული ბინა დანაწევრებული იყო ორ ერთოთახიან და ერთ ოროთახიან ბინად.
ეს ბინები, ერთი ოთხოთახიანი ბინის ტერირორიაზე არსებულ და დაყოფილ საცხოვრებელ ფართებს წარმოადგენდა. რაც შეეხება ამ ბინის შესყიდვის გზებს, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, მეც მაქვს კრედიტი, რომელიც ათი წლის განმავლობაში უნდა გადავიხადო. შემოსავლებთან დაკავშირებით კი ჩემი დეკლარაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერს შეუძლია მისი ნახვა. ყველას მოეხსენება, რომ ცხრაწლიანი რეჟიმის დროს წინა ხელისუფლება უკონტროლოდ, პირადი ინტერესებისთვის ხარჯავდა მოსახლეობის კუთვნილ ფულს, მე კი ბანკის კრედიტის აღებას მედავებიან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უნდა გადავიხადო”, -ნათქვამია ჯაბა სამუშიას განცხადებაში.