პრემიერი ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეების დასწრების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე სკოლების მოსწავლეების დასწრებას არ მიესალმება. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში. თუმცა, როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლების მიყვანას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამის მიუხედავად, არ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები.
ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მინდა, მივმართო მოსახლეობას – სახელმწიფო დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურთ, მათ მიუზღონ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აღუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის კულტურის ცენტრში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის “სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა” ჩვენების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო და ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მოსწავლეები ამბობდნენ, რომ მათ კლასის დამრიგებელმა უთხრა, რომ შეხვედრაზე წასვლა დირექციის მოთხოვნა იყო. ანალოგიური ჩვენება ფოთშიც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები