პრემიერი: სამცხე-ჯავახეთში მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებობს ძალიან კარგი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში პროექტ “ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.
„სამცხე-ჯავახეთის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება – სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და ტურიზმი, რომლის განვითარებაც ფეხზე დააყენებს რეგიონს. რეგიონში არსებობს ძალიან კარგი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად და ამ მხრივაც საინტერესო არჩევანი არსებობს ხე-ტყის დამუშავების, ავეჯის წარმოების და ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმართულებით. მაგალითისთვის, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალციხის მაუდ-კამვოლის საწარმო, ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა, ნინოწმინდის სამკერვალო ფაბრიკა და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა აღდგენა და ამუშავება, რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება. მე პირადად ვთავაზობ მხარდაჭერას ყველა ინვესტორს, ვინც ამ საწარმოებით დაინტერესდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და გამორჩეულ გეოგრაფიულ ლანდშაფტზე, რაც ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება გამოაცოცხლებს რეგიონს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. „კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ პროექტში, შეიტანოთ წვლილი რეგიონის გაძლიერებაში, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების წინაპირობა. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი შესაძლებლობების და მჯერა, გექნებათ უამრავი ინიციატივა, რომელსაც განახორციელებთ რეგიონებში. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით, იქნება ეს ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, გზა, წყალი, განათება თუ ნებისმიერი ინფრასტრუქტურა. გექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, დავიწყოთ რეალური ცვლილებები რეგიონებში. თუ ჩვენ არ განვავითარეთ რეგიონები, მხოლოდ ქალაქების განვითარება რეალურ შედეგებს არ მოიტანს“, – მიმართა პრემიერმა ბიზნესმენებს.
ცნობისთვის: “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველო“ , – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამა იწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი რეგიონების ეკონომიკურ აღმავლობაზე, ქალაქების გამოცოცხლებაზე, საწარმოების ამუშავებაზე, ადამიანების დასაქმებასა და მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის შესაძლებლობები – ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები და არსებობს დეტალური სურათი, რა არის საჭირო თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. მთავრობის მეთაური პირველად სამცხე-ჯავახეთს ეწვია და რეგიონის საწარმოო პოტენციალზე ბიზნესმენებს ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები