“ნაციონალური მოძრაობის ” მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს
ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროვებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
„თავისუფალი თაობა უკვე დიდი ხანია საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩანერგილების თაობაზე, რომლებიც დღემდე რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მსახურებაში იმის მაგივრად, რომ აპოლიტიკურები იყვნენ და თავიანთი საქმე პირნათლად შეასრულონ.
ის ფაქტი, რომ საპატრულო პოლიციაშიც არიან ნაცპოლიციელები, დადასტურებულია სწორედ იმ ჩანაწერით, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ გაასაჯაროვა. ამ ჩანაწერში არაფერ განსაკუთრებულზე საუბარი არ იყო, გარდა იმისა, რომ ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ჩემს შესახებ პირადი ინფორმაცია გახდა ყველასათვის ცნობილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“. გონივრული ეჭვი მაქვს, ამ ყოველივეს შემდეგ ნაცხროვა ახლა უკვე ჩემზე თავდასხმას გემავს, ვინაიდან მათთვისაც ცნობილია ჩემი საცხოვრებლის მისამართი.
მოვითხოვ, ამ საქმით დაინტერესდეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინაიდან საქმე გვაქვს კანონის დარღვევასთან სამართალდამცავების მხრიდან, რომლებიც „თავისუფალი თაობის “ 3 თებერვლის აქციას „აკონტროლებდნენ“, მარტივი გამოსაკვლევია, თუ ვინ არის ის ორი პატრული, რომელმაც ეს საუბარი ჩაიწერა და შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადასცა. როგორც ხედავთ, ისევ არიან პატრულები, რომლებსაც, როგორც ეშმაკთან, ისე აქვთ „ნაციონალებთან“ გარიგება დადებული.
ამ ყოველივედან გამომდინარე თუკი ჩემს უსაფრთხოებას, ნებისმიერი სახით საფრთხე დაემუქრება, მთელ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკისრებ. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ახლა იწყება არ დავიწყება, ასეთი სქციელით ვერც მე და ვერც „თავისუფალ თაობას “ ვერ შეგვაშინებთ, თქვენი საქციელი ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ, რაც, გარწმუნებთ, თქვენთვის ისეთი მტკივნეული იქნება, რომ სისხლისნი ცრემლებით იტირებთ!“ – აცხადებს სადღობელაშვილი.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიოჩანაწერი გაავრცელა. პარტიის ინფორმაციით, “თავისუფალი თაობის” ლიდერის ლადო სადღობელაშვილისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დიალოგი, საპატრულო პოლიციის მანქანაშია ჩაწერილი. აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სადღობელაშვილი მის მიერ დაგეგმილი აქციების შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციას უთანხმებს, პატრულის კითხვაზე – შეთანხმებულია თუ არა ეს აქციები, სადღობელაშვილი პასუხობს – “ჩვენი არსებობაა შეთანხმებული.”